ტუბერკულოზის საავადმყოფოში პაციენტები მკურნალობაზე უარს ამბობენ

09 მაისი 2018, 00:00 3575 ნახვა

პაციენტები, ჯანდაცვის სამინისტროს  და კლინიკის ხელმძღვანელობა - ყველა მხარე თანხმდება, რომ ტუბერკულოზის ცენტრში სავალალო მდგომარეობაა.

საავადმყოფოს შენობის უმეტეს ნაწილში იატაკი და ჭერი დაზიანებულია, ინვენტარი ძველია,  რთული მდგომარეობაა ლაბორატორიაშიც.

მოქალაქეები ამ ლაბორატორიაში გამოკვლევებს იტარებენ, თუმცა ხშირად სტაციონარში მკურნალობაზე უარს ამბობენ, რადგან ელემენტარული სანიტარული ნორმები დარღვეულია. 

ტუბერკულოზის შემთხვევები რეგიონში კი ცოტა არ არის. 2018 წლის იანვრიდან-აპრილის ჩათვლით - 4 თვეში, 130 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. დაავადებულთაგან სტაციონარში მხოლოდ 38 ადამიანი მკურნალობს. 

საერთო ჯამში, ტუბერკულოზით რეგიონში 450 მოქალაქეა დაავადებული, მათ გამოკვლევებსა და ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას სახელწიფო აფინანსებს. 

‘’პაციენტები, ცენტრში არსებული არასახარბიელო გარემოს გამო, მკურნალობაზე ხშირად უარს ამბობენ’’ - ყვება ექიმი ინგა დავითაძე.

 ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ ერთი ნაწილი, სადაც მძიმედ დაავადებულები გადიან სტაციონალურ მკურნალობას, საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“-მ გაარემონტა.

როდის და როგორ უნდა მოხდეს შენობის რეაბილიტაცია? კითხვაზე კონკრეტული პასუხი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ მიიღო.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხის მისაღებად საავადმყოფოს ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა. თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ამბობს, რომ მძიმე სანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად კოსმეტიკური რემონტს ატარებს.

ტუბერკულოზის ცენტრი ახლა უკვე "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური საავადმყოფოს" ეკუთვნის, რომლის ახალი დირექტორი ციური აბულაძეა.  ამბობს, რომ მდგომარეობა სავალალოა, თუმცა კატასტროფული არ არის. ძირითადად, სამომავლო გეგმებზე საუბრობს, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს. 

"იგეგმება ტუბერკულოზის განყოფილების გარემონტებაც, შენობის ერთ ნაწილში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გვინდა პირობები გავაუმჯობესოთ, კლინიკაში მომსახურების დონე გაიზარდოს. მიმდინარეობს თანხების მოძიება. გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობასთან, იმედი გვაქვს მხარს დაგვიჭერენ. ელემენტარული პირობები, რაც პაციენტებს სჭირდებათ არის და კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს. ძალიან მალე "გლობალ ფონდი" შემოდის რეგიონში, ასევე ამოქმედდება პროგრამა ‘’ნულოვანი ტუბერკულოზი საქართველოში’’. ინფექციური განყოფილება თურქულ-ამერიკულმა კომპანია ‘’თიკამ’’ გაარემონტა, მსგავსად სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ჯერ ვერ გავამხელ დეტალებს’’ - ამბობს ციური აბულაძე.

კლინიკის უფროსის მოადგილე დიმიტრი ცეცხლაძე კი ფიქრობს, რომ ლაბორატორიასა და დისპანსერიაში ურთულესი მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. "კლინიკას გარკვეული თანხები აქვს, თუმცა ის მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის საშუალებას იძლევა" - ამბობს ცეცხლაძე აჭარის მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში.

 

ამავე კატეგორიაში