საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა

10 მაისი 2018, 00:00 2060 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იწყება. დღის წესრიგში ორი საკითხია - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა. ძიუდოისტების ნაწილი აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის განცხადებით, მოწოდების მიუხედავად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობა არ გადადო. ფედერაციის სრული უფლებაა ჩაატაროს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა. მისივე თქმით, ფედერაციის მოვალეობაა, რომ კითხვებს პასუხები გაეცეს.

მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ შესაბამისმა საპარლამენტო და ოლიმპიურმა კომიტეტებმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კომისიის შემადგენლობაში მინისტრის მოადგილეები, კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.

ამავე კატეგორიაში