ლევან გორგაძე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს

18 მაისი 2018, 00:00 2485 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. ქართველი სეკივაკე, ტურნირის მე-6 დღეს, იაპონელ მესამე მაეგაშირას - იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მეექვსე გამარჯვება მიითვალა.

იუტაკაიამა და ტოჩინოშინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მიმდინარე ბაშოზე ყველა შეხვედრა წააგო, თუმცა ქართველ ფალავანთან მაინც მძიმე ბრძოლა გამართა. გორგაძეს უპირატესობის მოპოვება გაუჭირდა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლოს კლასის ხარჯზე მაინც დაიჭირა მეტოქე და ეფექტური ცუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია. 

ტოჩინოშინმა წლის მესამე ბაშოზე 6-ვე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ლიდერი გახდა.

შეხვედრები წააგეს ლეგენდარულმა ჰაკუჰომ და გოედომ, შესაბამისად ლევან გორგაძე ახლა ტურნირზე ერთადერთი სუმოტორია, რომელსაც 100%-ანი შედეგი აქვს.


ხვალ ქართველის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც ბალანსი თანაბრად 3:3 -ზე აქვს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში