თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრის - ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

21 მაისი 2018, 00:00 2391 ნახვა

ოშკის სარესტავრაციო სამუშაოები დაწყების შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისს, საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში, ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქეთმა გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. 

გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე წარიმართება.

ამ ეტაპზე დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და ხარაჩოების დამონტაჟება. შემდგომ ეტაპზე კი, განსაზღვრულია ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ზემოხსენებული 5-წლიანი პროგრამის შესაბამისად, ერთობლივად უნდა განხორციელონ ქართველმა და თურქმა სპეციალისტებმა. 

"სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში! ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში