სპორტი მთავარში

22 მაისი 2018, 00:00 2057 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მეათე დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველი სუმოტორი  ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია. გორგაძემ მეათე გამარჯვება იაპონელი მეოთხე  მაეგაშირას  ჩიოტარიუსთან ბრძოლაში მოიპოვა.  მიმდინარე ბაშოზე ქართველი ერთადერთი სუმოტორია,  ვინც ყველა შეხვედრა მოიგო. ტურნირის დასრულებამდე 5 სატურნირო დღეა დარჩენილი, ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოსაპოვებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა. მისთვის ოძეკის სტატუსის მინიჭებაზე კი ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს იმსჯელებს, ოძეკი სუმოში რანგით მეორე წოდებაა. ხვალ, ტოჩინიშონის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება. 

ქართულ ძიუდოში განხეთქილება გრძელდება, დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტიდან სავარძელი გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან მოათავსეს, შემდეგ კი კაბინეტი ფიცრებით აჭედეს. თავად ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა. ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ ახლოხანს კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით შექმნილ კომისიას, მათი მოთხოვნა ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უცვლელია. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლეს. პრეზიდენტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ფეხბურთის ფედერაციაში ვიტალი დარასელიას შვილებს გადასცა. 

გუშინ მილანში, სან სიროზე  ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. შეხვერდაში მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების ექს კაპიტანი და პირლოს თანაგუნდელი კახა კალაძე. საკუთრივ შეხვერდა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 7-7 დასრულდა. მეორე ტაიმში ჰეთთრიკი ფილიპო ინგაძიმ შეასრულა. 29 წლის ანდრეა პირლო კი გულშემატკივარს საგოლე გადაცემით დაემშვიდობა და მოედნაზე ადგილი საკუთარ შვილს დაუთმო. კარიერის მანძილზე ლეგენდარულმა ნახევარმცველმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა ღირებული საფეხბურთო ტიტულის მოგება შეძლო. 

დღეს, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი პორტუგალიაში, ქვიშის ფეხბურთის ევროპის თასის გათამაშებაზე  გაემგზავრა.  გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში აკადემიის გუნდთან ერთად, ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი - ბათუმის დინამოც მიიღებს მონაწილეობას, საერთო ჯამში ჩემპიონატზე 44 ქვეყნის კლუბი გამოვა. შეჯიბრი 4 ივნისამდე გაგრძელდება. ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი ჩემპიონატზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და მედცენტრის დახმარებით გაემგზავრა.

ამავე კატეგორიაში