მოსწავლის ფანჯარაზე ასვლის ფაქტს სკოლის დირექცია იკვლევს

24 მაისი 2018, 00:00 2581 ნახვა

მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ნახა. ნატო გოგუაძის განმარტებით, მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილზე, ხელოვნების კაბინეტში უნდა ყოფილიყვნენ. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი 4 ბავშვი ერთ-ერთ საკლასო ოთახში ნახა, თუმცა დირექტორის მტკიცებით, ფანჯარაზე გადასული მოსწავლე სკოლაში არავის დაუნახავს.  

ნატო გოგუაძე ამბობს, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება, რადგან ის გაკვეთილს სხვა კაბინეტში ატარებდა და ოთხივე მოსწავლეს სააღრიცხვო ჟურნალში გაცდენის გამო ''არა'' ეწერათ.

მომხდართან დაკავშირებით მოსწავლე არ საუბრობს. 

დირექტორის განმარტებით, საბაზისო კლასის მოსწავლის მშობელს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. 

სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი სკოლაში სხვა დროს არ დაფიქსირებულა. შენობაში  სამი მანდატური მუშაობს, ისინი სხვადახვა ლოკაციას აკონტროლებენ, მათ შორის გარე პერიმეტრსაც.

საკითხს ამ ეტაპზე დირექცია იკვლევს. თუ საჭირო გახდა, დოკუმენტაცია განსახილველად დისციპლინურ კომიტეტსაც გადაეცემა.

დღეს  სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მოსწავლე, სკოლის შენობის მეორე ან მესამე სართულზე, ფანჯრიდან გადავიდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში