ოქსფორდში 111 წლის პეტიცია აღმოაჩინეს - 3000 ქართველი რუსული ანექსიის წინააღმდეგ

26 მაისი 2018, 00:00 6855 ნახვა

ოქსფორდში, 111 წლის წინ შექმნილი პეტიცია აღმოაჩინეს, რომელიც 1907 წელს გამართულ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი ერის სახელით წარადგინეს. რუსეთის ანექსიის გაუქმების მოთხოვნით პეტიციის ორიგინალ დოკუმენტს 3000-მდე ქართველი აწერს ხელს. 

ხელმომწერებს შორის არიან სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, ქალები, კაცები, ვაჭარ-მრეწველები, მუშები, თავადაზნაურობა, გლეხები, სასულიერო პირები, მასწავლებლები.

ყველა ერთად მიმართავდა დასავლეთის სახელმწიფოებს და აპროტესტებდა რუსეთის მიერ, 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, საქართველოს ანექსიას.

ხელმომწერნი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ დასავლეთ საქართველოში (გურიის ტერიტორიაზე), რუსეთის მიერ წარმართული ხოცვა-ჟლეტვა, ნგრევა და მოითხოვდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულებით საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. 

„სამართლისა და საერთაშორისო უფლების სახელით ჩვენ, მამულიშვილნი საქართველოისა, ერი უძველეს საქრისტიანო და დამოუკიდებელ ერისა, მოგმართავთ ამ მემორანდუმით, მთელი ქვეყნის განათლებულ ერთა წარმომადგენელთ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზედ შეკრებილთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერის ხმა არ დარჩება უყურადღებოდ და უთანაგრძნობთ. აგრეთვე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლიან და კანონიერ დავაში, რუსეთის საინპერატორო მთავრობასთან, მხარს დაგვიჭერთ და  განვიხილავთ იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მუხლებს, რომელიც დადებულ და ფორმალურად დამტკიცებულ იყო საქართველოს თავისუფალ სამეფოისა და რუსეთის იმპერიას შორის, რომელიც რუსეთმა დაარღვია"... 

„ ჩვენ სამართლიან და კანონიერ დავაში, რუსეთის საინპერატორო მთავრობასთან, მხარს დაგვიჭერთ და  განვიხილავთ იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მუხლებს, რომელიც დადებულ 1783 წლის აგვისტოს 20 დღეს, საქართველოს მეფემ ერეკლე მეორემ, დასდვა ხელშეკრულება სრულიად რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორესთან, რომლის ძალითაც  საქართველო „საუკუნოდ“ ემორჩილებოდა რუსეთის პროტექტორატს. იმპერატრიცა ეკატერინე სრულიად რუსეთისა კი თავის მხრით და შთამომავლობითა ფიცსა სდებდა უზრუნველ-ეყო საქართველოსათვის მისი შინაგანი ეროვნული მმართველობის ხელ-შეუხებლობა, ხელ-შეუხებლობა ჩვენი საკუთარი კანონმდებლობისა, სასამართლოისა, ავტოკეფალური საკუთარ ეკლესიისა, საკუთარი ჯარისა და ფულისა“...  

პეტიციაში წერია, რომ ხელშეკრულება დაირღვა და 1801 წლის შემდეგ ქვეყანის ანექსია მოხდა... "სწორედ ამ დროიდან რუსეთის საიმპერატორო მთავრობის მოქმედება შეიქმნა საქართველოს უფლებათა განუწყვეტლივ დარღვევად. ჩვენი საკუთარი უმაღლესი მთავრობა მოსპეს და მისი ადგილი დაიჭირა რუსულმა ბიუროკრატიულმა წეს-წყობილებამ... უკვე 50 წელიწადია რაც მოსპეს სასამართლოებში საქმეთა წარმოება ქართულად და შემოიღეს რუსულს ენაზედ, რითაც ჩვენს ხალხს სრულიად წაერთვა მოქალაქეობრივი უფლებანი. ჩვენი სამშობლო ენა განძარცვეს, ადმინისტრაციული დაწესებულებიდან, სკოლებიდან და ეკლესიებიდანაც. სამხედრო სისტემა მოსპეს და შემოიღეს რუსული საყოველთაო სამხედრო ბეგარა. ეს ფაქტები ჩვენსა და რუსეთს შორის, ხელშეკრულების დარღვევისა და რუსეთის მთავრობის მხრით შემაძრწუნებელია"...

 

ქართველი ხალხის პეტიცია ბიბლიოთეკაში 1920 წელს გაატარეს, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ახლა იქნა გააზრებული. პეტიციის შექმნა ქართველი ნაციონალისტის ვარლამ ჩერქეზიშვილის პროვოცირებით მოხდა, რომელიც 1870 წელს ციმბირში იყო გასახლებული, საიდანაც გაიქცა და ლონდონში დასახლდა.

რამდენიმე კვირის წინ, მეცნიერებმა ბექა კობახიძემ, ნიკოლოზ ალექსიძემ და ჯილიან ევისონმა იპოვეს პეტიცია, იგი გაციფრულეს და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ბექა კობახიძე BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას ერგო პატივი, 111 წლის შემდეგ, აღმოეჩინა მივიწყებული  სახელები. "ქართველებისთვის საინტერესო იქნება, არის თუ არა მათი ბებიების და ბაბუების ხელმოწერა პეტიციაზე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას 111 წლის წინ ითხოვდნენ".

იხ. პეტიციის ორიგინალი და აღმოაჩინეთ თქვენი წინაპრების ხელმოწერა. 

 

ამავე კატეგორიაში