მსოფლიო მილოცვები - დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილე

26 მაისი 2018, 00:00 2857 ნახვა

▶️ აშშ-ის ხელისუფლების სახელით საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის საქართველოს შეერთებული შტატების ახლო მეგობარსა და ღირებულ პარტნიორის უწოდებს. "ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში. ქართველებს ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის ღვაწლისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე" - აცხადებს მაიკ პომპეო. სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

▶️ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. დიპლომატმა ვიდეოჩანაწერი თვიტერ-ის გვერდზე გაავრცელა.

▶️ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. ტვიტერ-ის გვერდზე ნათქვამია, რომ ელისაბედ მეორემ წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს სახელზე გამოაგზავნა. “დიდი სიამოვნებით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, კერძოდ კი იმ წელს, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავთ. საუკეთესო სურვილებით გიერთდებით და გისურვებთ ქართველ ხალხს იღბალს და ბედნიერებას. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ისტორიულ კავშირს და ველოდები მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელებას”, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დედოფლის წერილში.

▶️ გულმხურვალე მილოცვა ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, – ამ სიტყვებით მიულოცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. „ჩვენი გულმხურვალე მილოცვა კეთილმეზობლურ და მეგობრულ საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს”, – წერია სოციალურ ქსელ ტვიტერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

▶️ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. "დღეს ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობა წარმატებულად და დინამიკურად ვითარდება. ეს ურთიერთობა ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ქართული კულტურა, მდიდარი ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა ბელარუს ხალხს საქართველოს მიმართ თბილ გრძნობებს აღუძრავს. ჩვენ გულწრფელად გვიხარია თანამედროვე საქართველოს მიღწევები და მუდმივად მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად. ვიმედოვნებთ, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა, ღია დიალოგი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“-აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო მილოცვაში.

▶️ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გილოცავთ, – ამ სიტყვებით ულოცავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. მილოცვის ტექსტი ტვიტერზე გამოქვეყნდა. „ბედნიერები ვართ, აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ჩვენს შესანიშნავ ქართველ მეგობრებთან ერთად. ჩვენს ხალხს ბევრი რამ აქვს საერთო. დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გილოცავთ!“ – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე. ესტონეთის ვოკალურმა გუნდმა ტალინში მდებარე საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გამართა.

▶️ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. განცხადება ალბანეთის საგარეო უწყების ტვიტერ-ის გვერდზეა გამოქვეყნებული. „გულითადად ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადების 100 წლის იუბილეს“, – ნათქვამია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.

▶️ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. მან საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს ერებს შორის მჭიდრო მეგობრობა და კავშირი არსებობს, ისევე როგორც უმაღლესი დონის ორმხრივი თანამშრომლობა სომხეთსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოებისთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება“ – წერს ფაშინიანი მისალოც წერილში.

▶️ ვამაყობთ, რომ თქვენი მეგობრები ვართ – მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია, – ასე ულოცავს ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

▶️ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. „გილოცავთ პირველი დემოკრატიული რეაპუბლიკის 100 წლის იუბილეს, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს გისურვებთ, საქართველო”, – ნათქვამია ლუქსემბურგის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში