10 და 9 წელი - სასამართლოს განაჩენი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში

01 ივნისი 2018, 00:00 2992 ნახვა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს სასჯელის ვადა განესაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე.

გუშინ, არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა და არასრულწოვნები ნაწილობრივ გაამართლა. გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობია დავით სალარიძის მკვლელის ვინაობა. 

სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში