ქვეითებისთვის წართმეული ტროტუარები 

06 ივნისი 2018, 00:00 4394 ნახვა

კაფე-ბარების მაგიდებით, სკამებითა და დიდი ზომის ქოთნებით ათვისებული ტროტუარები. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ტურისტულ სეზონზეა. ქვეითებისთვის წართმეულ ტროტუარებს ყველაზე ხშირად ქალაქის ცენტრალურ უბნებში შეხვდებით.

‘’ძალიან ბევრი ადგილი გამოვასწორეთ. გვაქვს ‘’ქრონიკული მონაკვეთები’’, სადაც ისეთი ინსტალაციებია მოწყობილი, რომ დემონტაჟის სამუშაოებიც არის საჭირო. მითითება მიცემულია, ჯარიმები არის დაწერილი, აღსრულებაზეც გადაეცა’’ - ამბობს ბათუმის მერი.

ლაშა კომახიძის განმარტებით, კაფე-ბარების მეპატრონეები თვითნებურად იქცევიან. მერიაში სხვა ნახაზი შემოაქვთ, შემდეგ კი განლაგებას ცვლიან.

‘’მერიაში ნებართვების გასაცემად დოკუმენტაცია როცა შემოდის, ყველას თან ახლავს სქემატური ნახაზი,  ქოთნების, მაგიდების სკამების განლაგება,  ჩვენება სანტიმეტრებში. უშუალოდ იქ მიდის ჩვენი თანამშრომელი, აკეთებს აზომვას, უნიშნავს კონკრეტულ ტერიტორიებს. მერე, როგორც წესი, თვითნებურად ხდება ამის გაჩოჩება-ჩაჩოჩება. ეს არის მუდმივად ცოცხალი პროცესი. ჩვენი მუშაობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, რამდენად ნაკლები გვექნება ეგეთი ტროტუარები და პრობლემები. მუდმივად იქნება მცდელობა მეწარმის მხრიდან, რომ გაიფართოოს, ჩვენი მხრიდან კი შევზღუდოთ არეალი, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ’’ - ამბობს მერი.

ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ პროცესში ბევრი ადამიანი არის ჩართული. არის მონდომებაც და მიზანიც.

‘’დამიჯერეთ, რომ ამაში ბევრი ადამიანი არის ჩართული. ბევრ მშენებელ კომპანიას შევაწევინეთ სამშენებლო ღობე, რომელიც ტროტუარზე იყო გადმოსული. ძალიან რთულია კაფე ბარებთან ამ კუთხით ურთიერთობა. როდესაც მიდის ზედამხედველი, სიტუაციას აწესრიგებენ, კეთდება კორიდორი, რაც მოქალაქეების გადასაადგილებლად საკმარისია. მეორე დღეს კი სიტუაცია ისევ ქაოტურია

ბათუმის მერი ფიქრობს, რომ საჯარიმო სანქციები უნდა გამკაცრდეს.

ბათუმის ქუჩებში პრობლემები განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ექმნებათ. ჩახერგილი ტროტუარების გამო, ეტლით მოსარგებლეებს, ხშირად გზის სავალ ნაწილზე უხდებათ გადასვლა. 

ამავე კატეგორიაში