რამდენიმე ავტობუსში სამგზავრო ბილეთს ვეღარ იყიდით

21 ივნისი 2018, 00:00 6170 ნახვა

N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორები არ არიან, მძღოლებს კი ბილეთის გაყიდვის უფლება არ აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტში მაკონტროლებელმა უბილეთო მგზავრი აღმოაჩინა, აჯარიმებს. მგზავრს დარღვევისთვის 5 ლარის გადახდა მოუწევს. ერთი სამგზავრო ბილეთი  40 თეთრი ღირს, პლასტიკური ბარათით კი 10 თეთრით ნაკლები. 

უახლოეს მომავალში მუნიციპალურ ავტობუსებში ბილეთს საერთოდ ვეღარ შეიძენთ.  

ბათუმის ავტოტრანსპორტი მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდა. უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენება აუცილებელი ხდება.

‘’ ამ ეტაპზე 4 სამარშუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან,  სხვა ავტობუსში შეძენილი ბილეთის გამოყენება, ჯერჯერობით, შესაძლებელია. გადავედით უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენების სერვისზე. ‘’ბათუმი ქარდის’’ შეძენა შესაძლებელი იყო  გორგასალის 55 ნომერში მდებარე ‘’საქართველოს ბანკის’’ სერვისს ცენტრში. მალე კი ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება’’ - აცხადებს ბათუმის ''ავტოტრანსპორტის'' მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბესიკ დათიაშვილი.

ორგანიზაციაში ახალ პროექტზე მუშაობენ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.ბათუმში 30 სხვადასხვა ადგილას გადახდის აპარატები დაიდგმება, სადაც მოქალაქეები სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს შეიძენენ. ჯერჯერობით, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მომსახურების მისაღებად მხოლოდ ერთი ადგილი არსებობს.

‘’ეს ბარათი არ იქნება ერთჯერადი გამოყენების, მოქალაქეს შეეძლება თანხა ნებისმიერ დროს, პროცენტის და დანამატის გარეშე დარიცხოს. ინფორმაცია ლოკაციების შესახებ ყველა ავტობუსში გამოიკვრება, ასევე გაჩერებებზეც. ისეთი ადგილები შევარჩიეთ, სადაც ბევრი მგზავრია, სადაც რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობა და ტურისტები იყრიან თავს’’.

მძღოლები ამბობენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსში უცხოელი ტურისტები ბილეთის შეძენას ხშირად ითხოვენ. იხსენებენ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბილეთის არქონის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს.

‘’ტურისტები რომ ამოდიან, ბილეთს კი ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვაძლევთ.  კითხულობენ, რატომ არ გვაქვს. ბევრი ჩასულა კიდეც ავტობუსიდან. ბილეთი რომ არ აქვთ, ეშინიათ არ დააჯარიმონ’’ - ყვება ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.

მგზავრებს საშუალება აქვთ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნებისმიერ მუნიციპალურ ავტობუსში გამოიყენონ. მუშაობის აღნიშნული სქემა ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგაც შენარჩუნდება. 

გადაცემა ჰეშთეგის მიერ მომზადებული მასალა, უფრო ვრცლად  იხ. ლინკზე

ამავე კატეგორიაში