26 წლის ქალის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

21 ივნისი 2018, 00:00 5024 ნახვა

''26 წლის გოგო, რომელიც ამჟამად ეტლით მოსარგებლეა, თავისუფალ სივრცეში მუშაობს. ეტლი, რომელიც აქვს, ორი წლის წინ, ერთმა ძალიან მაგარმა გოგომ აჩუქა. სპორტული ეტლი მისთვის მოტივაცია გახდა სხვა შშმ პირებივით არ ჩაკეტილიყო სახლში და ყოფილიყო უფრო აქტიური.

ორი წელი რამდენ ჩვენგანს აცვია ერთი და იგივე ფეხსაცმელი?  ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე? არავის. ჰოდა, არც ამ ეტლს არ ააქვს უვადოდ სარგებლობის მონაცემები. ადამიანი, რომელმაც მიიღო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა, დღეს "ფეხშიშველია. 

პირველად ვთხოვ ჩემს ირგვლივ არსებულ საზოგადოებას, დაფიქრდეს, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი გვაქვს ზედმეტი. როგორ შეუძლია სხვისთვის გაწვდილ ხელს შენთვის სიკეთის დაბრუნება, როგორ მჭირდება ახლა გულისხმიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების თანადგომა ამ ულამაზესი და უჭკვიანესი გოგოს ცხოვრებაში ამ გამოწვევის გადასალახად" - ეს წერილი​ ​ნინო ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელიც ორგანიზაცია ‘’ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის’’ ხელმძღვანელია. 26 წლის შეზღუდული შესაძლებლობის ქალი კი ლალი მენაღარიშვილია, რომელიც უკვე რვა წელია ეტლით სარგებლობს, ხოლო ბოლო ორი წელია, სპორტული ეტლით გადაადგილდება.

ლალი მენაღარიშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება: ​‘’მანამდე მთელი 6 წელი და უფრო მეტიც, სხვა ეტლით ვსარგებლობდი. კი გადავაადგილდებოდი, მაგრამ აქტიურად ვერა. არასპორტული ეტლი მოუხერხებელია, ძალიან მღლიდა და ხერხემალს მტკენდა, სახლში მისულს სიცხე მიწევდა. როცა ეს ეტლი (სპორტულ ეტლზეა საუბარი, ავტ.) მაჩუქეს, ჩემთვის ყოველდღიურობა გამარტივდა. თითქმის ორი წელი გავიდა და ეტლი დაზიანდა და შეცვლა დავაპირე. ყველა დაწესებულებიდან უარი მივიღე, ვერ დაგეხმარებითო. ერთადერთი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იყო, რომელმაც 550 ლარიანი ვაუჩერი გადმომცა, ეტლი კი 1500 ლარი ღირს. დარჩენილი თანხა ქობულეთის მერიას წერილობით ვთხოვე 900 ლარის დამატება, თუმცა ქობულეთში მითხრეს, რომ თანხას ვერ დამიმატებდნენ. განმიმარტეს, რომ მაგ სახეობის ეტლისთვის თანხას ვერ გამოგიყოფთო’’ – ამბობს ლალი. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაამოწმა. მერიაში არ ადასტურებენ, რომ რაიმე ტიპის პროგრამა მოქმედებს, რომლითაც შშმ პირებისთვის ეტლს ყიდულობენ. მათი თქმით,  თუ ლალი მენაღარიშვილი ეტლის შეძენაზე ოფიციალურ განცხადებას დაწერს, საკითხს კომისიაზე განიხილავენ. 

ეტლის გარდა, ლალიმ მაუწყებელთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რა სირთულეებს აწყდება თუნდაც იმისთვის, რომ სამსახურამდე მივიდეს. 

მუშაობა  26 წლის ასაკში პირველად დაიწყო. პირველი ხელფასი ჯერ არ აუღია. გვიყვება, რომ ქობულეთიდან ბათუმში ყოველდღიურად ჩამოსვლა შშმ პირისთვის განსაკუთრებით რთულია, ამიტომ სამუშაო დღეებში ბათუმში, მეგობართან რჩება. სამსახურშიც მეგობრის ნაჩუქარი ეტლით დადის.

‘’ქობულეთიდან ძალიან რთულია ბათუმამდე ჩამოვიდე. დაახლოებით 60 ლარი მჭირდება. საკუთარი მანქანა არ მყავს, როცა ეტლით მოსარგებლეს მხედავენ, ტაქსის მძღოლები საფასურს უწევენ. ბათუმში შედარებით უკეთესი ვითარებაა. აქ გამოძახებით ტაქსის სერვისით ვსარგებლობ, როცა ეტლით მოსარგებლეებს გვხედავენ, სახე ეცვლებათ, მაგრამ უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ’’.

ლალი ქალაქში გადაადგილებისას ბევრ სირთულეს აწყდება, არაადაპტირებული შენობები, ქუჩები, ტრანსპორტი...

‘’ბოლოს რამდენიმე კვირის წინ გორგილაძის ქუჩაზე ''ლიბერთი ბაკთან'' ვიყავი, შენობა არაადაპტირებულია. მენეჯერს დავუძახე, მინდოდა დავლაპარაკებოდი, მითხრა ჯავახიშვილი თუ რომელიღაც ქუჩაზე ადაპტირებულია და იქ მიდიო. ჩემთვის ყველა ბანკი ხომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასეთივე ვითარებაა აფთიაქებშიც. სულ რამდენიმე ადგილია, სადაც დამოუკიდებლად შევდივარ. ან გამვლელ ველოდები, რომ დამეხმაროს’’ - ყვება ლალი. 

 

ამავე კატეგორიაში