ინვესტორი - ''კომპანიის სურვილია, შენობას ქონდეს ისტორიული იერსახე და იყოს შეძლებისდაგვარად მაღალი

22 ივნისი 2018, 00:00 5682 ნახვა

ბათუმში, ევროპის (ერას) მოედანზე, ყოფილი 1 აფთიაქის შენობის მასშტაბის გაზრდის მოთხოვნით, მფლობელმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამჟამად შპს "ჟასმინის" საკუთრებაშია. 

კომპანიამ სააგენტოს  სათათბირო ორგანოს  მიწერა, რომ სურს ძეგლის სტატუსი მქონე შენობას შეუნარჩუნოს ისტორიული სახე, მაგრამ გაზარდოს სიმაღლეში.

"დანართის სახით გაწვდით ჩვენი ფირმის, შპს "Jazmini"-ს საკუთრებაში არსებულ, ყოფილი #1 აფთიაქის შენობის ალტერნატიულ პროექტს, რომელიც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ. 

ჩვენი კომპანიის სურვილია, შენობას ქონდეს ისტორიული იერსახე და იყოს შეძლებისდაგვარად მაღალი" - წერია წერილში, რომელიც 19 ივნისით თარიღდება და ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი გუვენ ქარათაში.  წერილს თან ერთვის ფოტო ესკიზი. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ წინასაპროექტო ესკიზი, სააგენტოს დირექტორთან არსებულმა სათათბირო ორგანომ დაიწუნა.  

"კომპანიამ შემოიტანა წინასაპროექტო ფოტო ესკიზი შესათანხმებლად, გუშინ განიხილა სპეციალისტებმა და იგი იქნა დაწუნებული, მე სრულიად ვიზიარებ სათათბირო ორგანოს პოზიციას" - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი. 

მისი განმარტებით, კომპანიას სურს ძეგლის მასშტაბის გაზრდა, რისთვისაც აუცილებელია ხელოვნებათმცოდნეს დასკვნა და სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, როცა ძეგლის მასშტაბების ცვლილებებზე მიმდინარეობს საუბარი.  

ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მისთვის ინვესტორის სურვილი გასაგებია, თუმცა ქალაქის ინტერესები დგას საპირისპირო მხარეს.

"ინვესტორის სურვილი გასაგებია, რაც უფრო გაზრდის შენობის სიმაღლეს,  მისთვის კომერციული მოგებაც იზრდება, თუმცა, მეორე მხრივ, არის ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესები“- აცხადებს ბათუმის მერი.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენობის მასშტაბის ზრდა არ მიაჩნია მართებულად. "ინვესტორმა რამდენიმე ესკიზი შეიტანა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და სააგენტოს დასკვნით საფუძველზე ვაპირებ მივიღო გადაწყვეტილება აფთიაქის შენობასთან დაკავშირებით".

ამავე კატეგორიაში