''ბულვარის მესამე ხეივნის გაუქმება ბულვარის სურვილი იყო'' - სასამართლოში დაწუნებული კონცეფციის ავტორები ჩივიან

22 ივნისი 2018, 00:00 3319 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამარტლოში საქმის განხივა მიმდინარეობს, სადაც კომპანია "ოაზისი" ბათუმის ბულვარს თანხის გადახდას სთხოვს იმ სამუშაოში, რომლითაც ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი სასეირნო ხეივანი (ალეა) უქმდებოდა. კომპანიის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში, სასეირნო ტერიტორიაზე კომერციული ფართები გაჩნდებოდა, მსუბუქი კაფეები და მწვანე მინდორი.  კონცეფციის პრეზენტაციას  ბათუმელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე თვიანი გამოსვლებისა და სოციალური კამპანიის #სამივე შემდეგ, კონცეფცია ხელისუფლებამ დაიწუნა. 

კომპანიის წარმომადგენელი სასამართლოში ამბობს, რომ ბულვარის ადმინისტრაციის უარი კონცეფციის ჩაბარებაზე არაარგუმენტირებული იყო. "ხარვეზები, რაზეც ბულვარის ადმინისტრაცია საუბრობს  ხელოვნური და დაუსაბუთებელია. მაგალითად, კონცეფციის თანახმად საუბარი იყო მესამე ალეას გაუქმებაზე. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ იმ პერიოდში მიმდინარეობდა ფილების დაგება და კონცეფციის განხორციელების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ალეას გაუქმება ბულვარის ადმინისტრაციის სურვილი იყო და ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია" - ამბობს ადვოკატი.

ბათუმის ბულვარის ინტერესების დამცველი მალხაზ ბოლქვაძემ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  "კონცეფციის ყველა პრეზენტაციას მოყვა საზოგადოების მასშტაბური პროტესტი, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი კონცეფციაზე მუშაობას განაგრძობდა ცვლილებების გარეშე. მთავრობა მიხვდა დაშვებულ შეცდომას და უკან დაიხია. მთავრობამ თქვა, რომ გაითვალისწინებდა საზოგადოების აზრს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო პრეზენტაციაზე, კომპანიამ უცვლელად წარმოადგინა ანალოგიური კონცეფცია, რაც  ერთი ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა".

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში