მახინჯაურში მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები ხის გადატანის შესაბამისად დაიგეგმა

27 ივნისი 2018, 00:00 1600 ნახვა

მახინჯაურში ადგილობრივები ტურისტულ სეზონზე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან. აქ გზის გაყვანისთვის დაწყებულ სამუშაოებს დენდროლოგიური პარკისთვის ხის გატანას უკავშირებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ სამუშაოები შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში სრულდება. ქობულეთი-ბათუმის ავტობანის მონაკვეთი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან, ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთს მოიცავს, თუმცა სამუშაოები მახინჯაურში ამ ეტაპზე არა გვირაბის ტერიტორიიდან, არამედ ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩიდან დაიწყო. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთს ესაზღვრება ის ტერიტორია, საიდანაც ევკალიპტი უნდა გაიტანონ.

ხის გადამზიდ კომპანიაში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაგვიდასტურეს, რომ საუკუნოვან ევკალიპტს სანაპირომდე სწორედ ავტობანის გზით დაიტანენ, რის შესახებაც ინფორმაციას არ ფლობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.  აჭარის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სამუშაოები ლოტებადაა დაყოფილი. მისი თქმით გზის მშენებლობის დათქმულ ვადებში დასრულების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები ერთდროულად  მიმდინარეობს  მახინჯაურში ერთ - კილომეტრიან მონაკვეთზე და მახვილაურში 6-კილომეტრიან მონაკვეთზე.

ამავე კატეგორიაში