ერთ თვეში დაღუპული რვა ადამიანი - ზაფხულის საზღვაო სეზონის სტატისტიკა 

03 ივლისი 2018, 00:00 2496 ნახვა

ერთ თვეში, აჭარაში ზღვასა და მდინარეებში 8 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევების ფატალურად დასრულების მიზეზი, ხშირად წყალში ნასვამ მდგომარეობაში შესვლაა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ სეზონის გახსნიდან დღემდე მხოლოდ ზღვაში 4 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ორი წყალში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა. ირაკლი თოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების გაფრთხილებას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.  

მიმდინარე წელს სანაპიროზე მცირეწლოვანი ბავშვების დაკარგვის შემთხვევებიც დაფიქსირდა. უწყების წარმომადგენლები მშობლებს სთხოვენ, ზღვაზე დასვენების დროს ყურადღებით იყვნენ. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მაშველები საუბრობენ, ზღვაში ჩაშვებულ წითელ ტივტივებს უკავშირდება.  მოქალაქეები ამკრძალავ ტივტივებს სცდებიან და ზღვაში უფრო ღრმად შედიან. 

''​​ტივტივები, რომელიც სანაპიროდან გარკვეულ მანძილზე არის ჩაყრილი, დაუშვებელია უფრო შორს გასვლა. ეს მოქალაქეებმა იციან, თუმცა წესებს მაინც არღვევენ. მცურავი საშუალებებით შედიან მაშველები და აფრთხილებენ. მიუხედავად ამისა, ტივტივების მოშორებით, მაინც ბანაობენ. მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. არის მცურავი საშუალებები, რომლებიც სწარაფად გადაადგილდებიან. ამ დროს კი დაზღვეული არავინაა'' - განაცხადა ირაკლი თოიძემ.

მაშველები დამსვენებლებს და ბათუმელებს სთხოვენ საშტორმო მდგომარეობის დროს ზღვაში არ შევიდნენ და კოშკურაზე აღმართულ ალამს ყურადღება მიაქციონ. 

''როცა არის საშტორმო გაფრთხილება და სამაშველო კოშკურებზე აღმართულია წითელი ალამი, ეს ნიშნავს რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. მოქალაქეები ამ წესებს უნდა დაემორჩილონ''. 

1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო , ამავე პერიოდში, მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

ამავე კატეგორიაში