ბავშვების იძულებითი შრომის გამო, ცოლ-ქმარს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

04 ივლისი 2018, 00:00 1747 ნახვა

17-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება ორ პირს, რომლებიც მუქარის გამოყენებით, ორ 10 წლის გოგონაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

 ამ პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტომ გაავრცელა. დაკავებული ცოლ-ქმარი 60 წელს გადაშორებულები არიან.

"თბილისში, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე - 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს - ი.მ.-ს და ა. მ.-ს.

კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, მოწყალების თხოვნის გზით, თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს - პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა". 

ამავე კატეგორიაში