საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოფილი ''ლეოგრანდის'' სასტუმროს შენობის  ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს

10 ივლისი 2018, 00:00 1992 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.  ამის შესახებ განცხადება უწყების ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. 

დოკუმენტში წერია, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება სამჯერ განახორციელეს, სპეციალისტებმა 43 რეკომენდაცია გასცეს, სასტუმროს მენეჯმენტმა კი მათი დიდი ნაწილი არ შეასრულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტების განმარტებით, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი,  ადამიანების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

'​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

​კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

​სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში'' - წერია განცხადებაში. 

2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდშიხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.  

ამავე კატეგორიაში