მსგავსი რადიკალური ნაბიჯი სასტუმროს ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო - კახა წერეთელი

10 ივლისი 2018, 00:00 2543 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს. 

სპეციალისტების განმარტებით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, ადამიანების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

სასტუმრო ''ველმონდის'' მენეჯმენტისთვის უწყების გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ადვოკატი კახა წერეთელი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად მაკონტროლებლებმა ვადა წლის ბოლომდე მისცეს. 

''რეკომენდაციების შესრულების ვადა მათთან შეთანხმებით განისაზღვრა, მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ანუ წლის ბოლომდე. სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურად. აღნიშნულ სამსახურთან სრული კოორდინაცია იყო. მათ ქონდათ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რა კეთდებოდა სასტუმროში. აქედან გამომდინარე, მსგავსი რადიკალური ნაბიჯი სასტუმროს ადმინისტრაციისთვის იყო სრული მოულოდნელობა. ვაპირებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი გზებით'' - განაცხადა წერეთელმა

2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში