შენობა რომელიც ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო 

23 ივლისი 2018, 00:00 1940 ნახვა

ხელვაჩაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ობიექტის მშენებლობა დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო და უკვე სრულდებოდა. 

ტერიტორიაზე კერძო სახლი შენდებოდა.

''არ ვიყავი ადგილზე, დამირეკეს ახლა ამოვედი. მუშებს სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდათ და ჩამოდიოდნენ. ჩამოიშალა სამივე სართული. მხოლოდ ერთი მუშა იყო ზემოთ, დანარჩენები ქვემოთ იყვნენ. რა მოხდა არ ვიცი გამოძიება დაადგენს, ასევე ექსპერტიზა ჩატარდება. სამშენებლო სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. შეიძლება ცემენტი არ ვარგოდა. ვერ ვამბობთ ვერაფერს. სახლის ბოლო სართულიც აშენებული იყო, მხოლოდ სახურავი იყო გასაკეთებელი'' - ამბობს მალხაზ მამულაძე.  

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სამი მუშა დაშავდა. ორი მათგანი კლინიკა ''მედინაში'' გადაიყვანეს, ერთი კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

მუშებს მრავლობითი მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 მუშა დაშავდა. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სახლის ჩამონგრევის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

ამავე კატეგორიაში