ლიფტში ქალის დაჭრისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი 

25 ივლისი 2018, 00:00 2572 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასმართლოში, 27 მაისს, საცხოვრებელი სახლის ლიფტში, ახალგაზრდა ქალისთვის მრავლობითი ჭრილობის მიყენებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

26  წლის გერმან ჩერნიავსკის ​ განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, ხულიგნობის მიზნით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. მან, 2 თვის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტში 32 წლის იზოლდა აბაშიძეს დაჭრა. 

საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორის, რამაზ შავაძის განმარტებით, არსებობს სხვა დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე, რასაც ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობითა და დანაშაულის ადგილიდან მიმალვის ფაქტით ხსნის.

მოთხოვნას ბრალდებულის ადვოკატიც ეთანხმება. დაცვის მხარეს სხვა შუამდგომლობა არ დაუყენებია. 

სასამართლოში დღეს დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ნივთები და ფოტოები მტკიცებულებების სახით წარმოადგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გერმან ჩერნიავსკის ​ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სასტუმრო "თანამგზავრთან" დააკავა. ის წარსულში 2 ჯერ არის ნასამართლევი, ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს.

დაჭრილი ქალი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, პაციენტი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში