ქუჩები, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება

26 ივლისი 2018, 00:00 2778 ნახვა

ბაგრატიონის და ჭავჭავაძის ქუჩები, ახალსოფლის გზა, ჩაქვის გვირაბი, მახინჯაური და აეროპორტის გზატკეცილი – ეს ის ადგილებია სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ყველაზე ხშირად იძახებენ და ავტოავარიები ყველაზე ხშირად ხდება.

​''ბათუმში, სხვადასხვა მონაკვეთზე ავარია თითქმის ყოველ დღე ხდება.  ერთ-ერთი ჩაქვის გვირაბთან მისვლამდე არსებული გზაა, იქ აქტიური მოძრაობაა, იწყება გაშლილი გზა, გამომდინარე აქედან როგორც ჩანს მძღოლები ჩქარობენ. ასევე, მახინჯაურის ცენტრი, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. შემდეგი არის ბაგრატიონის ქუჩაზე, არსებული წრიული,  თითქმის ყოველ დღე ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა. აეროპორტის გზატკეცილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით, ძალიან სწრაფად დადიან მძღოლები, აღნიშნულ მონაკვეთზე ''მწოლიარე პოლიციელიც'' არ არის'' - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე

“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ამ ადგილებს ე.წ. შავ მონაკვეთებს უწოდებს. გამგეობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ''შავი წერტილების" აღრიცხვა მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს წინადადებით მიმართავს ამ მონაკვეთების იდენტიფიცირება დაიწყოს.

ალიანსის წევრების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე 168 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე 130, აეროპორტის გზატკეცილზე კი 81 ავარია იყო. 

მოქალაქეები გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ქალაქში საგზაო ნიშნების დამატებას ითხოვენ. 

​''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' ამბობენ, რომ დამატებითი საგზაო ნიშნები და შუქნიშნები იმ შემთხვევაში დაიდგმება, თუ მათ მოსახლეობა უწყებას განცხადებით მიმართავს. ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში კი განმარტეს, რომ ''მწოლიარე პოლიციელის'' განთავსების მოთხოვნით მოსახლეობამ საპატრულო პოლიციას უნდა მიმართოს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში