საკულტო ძეგლების მიმართ რელიგიური კონფესიების ვალდებულებები იზრდება

27 ივლისი 2018, 00:00 2046 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერი კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სადავო ნორმით რელიგიური კონფესიები მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ძეგლის მოვლა-პატრონობის დროს გათავისუფლებულები იყვნენ სახელმწიფოს კონტროლისგან და ამ პროცესში დარღვევების შემთხვევაში სანქციები მათზე არ ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შეზღუდვა ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების საკითხსაც.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ეს რეგულაცია არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებას. მოპასუხე მხარის მოსაზრებით კი კულტურული მემკვიდრეობის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულების რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება შეუზღუდავდა მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისთვის გამოყენებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ემსახურება რელიგიის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობას, თუმცა ის ძეგლის დაზიანების შესაძლებლობას უშვებს, მათ შორის მაშინ როცა ამას რელიგიური რიტუალის აღსრულება არ მოითხოვს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში