საპროტესტო აქცია მუხაესტატეს პოლიციის უფროსის სხვა ადგილას გადაყვანის მოთხოვნით

29 ივლისი 2018, 00:00 5000 ნახვა

საპროტესტო აქცია  სოფელ მუხაესტატეს ცენტრში. მოსახლეობა პოლიციის უფროსის სხვა ადგილას გადაყვანას ითხოვს.  მუხაესტატეს პოლიციის უფროსად, ორი დღის წინ, ამავე თანამდებობაზე მომუშავე მოკლული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ძმა, ჯამბულ ანთაძე დაინიშნა. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები და ადგილობრივები მომხდარ ფაქტს გმობენ და აცხადებენ, რომ დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.  ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობენ.

მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება, შესაძლოა სოფელში დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდეს. აქციის მონაწილეები ძალოვან უწყებას ჯამბულ ანთაძის სხვა ადგილას გადასაყვანად 1 თვიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუხაესტატეს პოლიციის უფროსად, ბუტა ანთაძის ძმის, ჯამბულ ანთაძის დანიშვნა დაადასტურეს,  თუმცა ადგილობრივების მოთხოვნებთან დაკავშირებით უწყების პოზიცია, ჯერ უცნობია. მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ბუტა ანთაძე 15 ივნისს ღამით,  ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.  მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დღეს აქციაზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში