დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტულად შემოტანისთვის ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

31 ივლისი 2018, 00:00 3250 ნახვა

დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტულად შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ორი პირი პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით  საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა.  მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა,  ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოს მას  11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა.

თუმცა ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებული 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინის გადატანას ახდენდა. ხოლო, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება  63 988 ლარს  შეადგენს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში