200 ოჯახი ბეშუმში ელექტროენერგიის გარეშეა - ხულოს მერიამ ტრანფორმატორი იყიდა და ერთი წლის შემდეგ ამონტაჟებს

08 აგვისტო 2018, 00:00 4170 ნახვა

კურორტ ბეშუმში დამსვენებლებს ელექტრო ენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ, ნაწილს დღეების განმავლობაში არ ჰქონდა შუქი, ნაწილი კი ამბობს, რომ 10-10 წუთით მოდის და საფრთხეა ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს. 

ბეშუმში თითოეული კოტეჯის მცხოვრებელმა ელექტროენერგიისთვის 70 ლარი გადაიხადა, თუმცა სანაცვლოდ ელექტროენერგია ან საერთოდ ვერ მიიღეს, ან ნაწილობრივ, შეზღუდვებით. მოქალაქეები  საზოგადოებრივ მაუწყებელს ბეშუმიდან სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ.   

"​შუქზე გაგვაწამეს... 70 ლარი გადავიხადეთ და შუქი არაა. ​ათ-ათი წუთით მოდის, გადაგვეწვა ტექნიკა და იქნებ დაგვეხმაროთ? პატარა ბავშვებით ვართ, გავმწარდით, ჩვენ ცენტრში ვართ და ჩვენს ირგვლივ არსად არაა შუქი, ტელეფონებიც გვეთიშება" - გვწერს დათო ბერიძე. 

რატომ არ არის დღეების განმავლობაში შუქი? ამ კითხვით კურორტის დირექტორის მოადგილეს ემზარ ჩოგაძეს მივმართეთ. მისი განმარტებით, ბეშუმში 200 აბონენტს ელექტროენერგია დილის 7 საათიდან არ მიეწოდა. ამტკიცებს, რომ მიზეზი ათწლეულების წინ შეძენილი ტრანსფორმატორია, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. 

კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ტრანსფორმატორი ხულოს მერიამ გასულ წელს შეიძინა, თუმცა აქამდე არ სარგებლობდნენ, ვინაიდან  დასამონტაჟებელი იყო. 

"ადგილზე იმყოფებოდნენ ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები, მათი რეკომენდაციით ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟი მიმდინარეობს და ელექტროენერგია 2 საათში ექნებათ აბონენეტებს" - გვითხრა ემზარ ჩოგაძემ.

კითხვაზე - რატო შეხვდა კურორტი სეზონს მოუმზადებელი? რატომ არ დააყენეს მანამდე ახალი ტრანსფორმატორი, ან მოგვარდება თუ არა სრულად ელექტროენერგიის პრობლემა ემზარ ჩოგაძე ამბობს, რომ არ იცის ზუსტად. 

"ენერგო პრო-ჯორჯიაში"  ამბობენ, რომ ბეშუმის ელეტქროსისტემა არ არის კომპანიის საკუთრებაში, შესაბამისად არც  შეკეთების ვალდებულება აქვთ, თუმცა კომპანიამ გაითვალისწინა რთული ვითარება და ტექნიკური ჯგუფი გაგზავნა კურორტზე. 

კურორტ ბეშუმზე დასასვენებლად კოტეჯის ქირაობა წელს 500-დან 700 დოლარამდე მერყეობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში