სასტუმრო “ველმონდმა” 48 საათში საქმიანობა უნდა შეწყვიტოს - საგანგებო სამსახური

15 აგვისტო 2018, 00:00 14993 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. 

განცხადება უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

დოკუმენტში წერია, რომ სპეციალისტებმა სასტუმროს მენეჯმენტს 43 რეკომენდაცია მისცეს, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

''საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა'' - წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 1 თვის წინ სასამართლოს მიმართ და სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

''სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება'' - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში