გადაწყვეტილება საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება - სასტუმრო ''ველმონდის'' მენეჯმენტი

16 აგვისტო 2018, 00:00 1757 ნახვა

სასტუმრო ''ველმონდის'' გენერალური დირექტორის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  

​ალპერ პინერის თქმით, ტურისტული სეზონის პიკზე ობიექტისთვის ექსპლუატაციის შეჩერება უარყოფითად აისახება არა მხოლოდ სასტუმროს, არამედ საქართველოს იმიჯზეც, რადგან სასტუმროში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები იმყოფებიან.  

გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყველაზე ცხელ სეზონზე, ასეთი ცუდი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, ამიტომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. და კიდევ ერთი განცხადება, მოგვიანებით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

''ველმონდის'' გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ 44 რეკომენდაციიდან 30 შესრულდა, ამ კუთხით მუშაობა კი აქტიურად  გრძელდება. 

ამ დრომდე სასტუმროში 300-მდე დამსვენებელი იმყოფება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნულია

ალპერ პინერის თქმით, სასტუმროსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე ინფორმირებულები იყვნენ ტურისტული სააგენტოები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნიდან დამსვენებლები ჩამოყავთ

''სააგენტოები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და კონტაქტები გვაქვს საქმის კურსში იყვნენ. სანამ სტუმრებს მოიყვანდნენ, ისინი ჩვენგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეულ დოკუმენტებს ითხოვდნენ და ჩვენც ვაწვდიდით''.

ტურისტების ერთი ნაწილი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ გასულ წელს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით,  “ველმონდის” ადმინისტრაციამ ხვალ 18 საათამდე შენობიდან სტუმრები უნდა გაიყვანოს და საქმიანობა შეწყვიტოს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში