უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის „ველმონდის“ მსგავსად დალუქვა სხვა სასტუმროებსაც ემუქრებათ

18 აგვისტო 2018, 00:00 2286 ნახვა

პირველი აგვისტოდან უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც  ყველა მოქმედი სასტუმრო შემოწმდება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში „ველმონდის“ მსგავსად სანქციებს სხვა სასტუმროების მიმართაც გატარდება. მეორე დღეა სასტუმრო და კაზინო „ველმონდი“ დალუქულია, ბათუმში ჩამოსულ დამსვენებლებს კი, რომელთაც ნომრები „ველმონდ“-ში ჰქონდათ დაჯავშნილი სასტუმროს თანამშრომლები დღეს სხვა სასტუმროში დაბინავებაში ეხმარებოდნენ. ვიზიტორთა დაბინავების პროცესში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდ“-ში 9 თვის წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები კვლავ არ არის დაცული.

სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უსაფრთხოების  ნორმების დაუცველობის გამო სასტუმრო ლეოგრანდთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. განჩინების საფუძველზე კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ფუნქციონირების უფლება შეუწყდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. კონსულტაციები შენობაში სახანძრო - უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება. ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ. 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდ“-ში 11 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

ამავე კატეგორიაში