გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული მეზღვაურები იპოვეს

23 აგვისტო 2018, 00:00 8720 ნახვა

დაკარგული მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ სხვადასხვა მედია გამოცემაც წერს.

გაუჩინარებული მეზღვაურების გათავისუფლების ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, რომ მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დეტალების გახმოვანებისგან თავს იკავებენ.

''გარკვეული წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Pantelena IMO N 9321469 გათავისუფლების შესახებ, რომლის ბორტზეც 17 საქართველოს და 2 რუსეთის მოქალაქე იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პროცესის დასრულებამდე თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისაგან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული სამუშაოები, რომლის დასრულებამდე - მეზღვაურების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - დეტალების გასაჯაროვებისაგან თავს ვიკავებთ'' - წერია განცხადებაში. 

კომენტარს არ აკეთებენ ოჯახის წევრები და არც იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველი მეზღვაურები გემზე დაასაქმეს. 

მეზღვაურებს ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. 

ტანკერ ''პანტელენასთან ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

ამავე კატეგორიაში