საზმაუწყებლის თანამშრომლებმა საიას მიმართეს

03 სექტემბერი 2018, 00:00 1915 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით მიმართა.  მათი განცხადებით, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაიგეს, რომ ხელმძღვანელობა განსხვავებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, ხელფასს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როდესაც იმუშავებენ. თუმცა გამოიძახებენ თუ არა სამსახურში, თანამშრომლებმა ეს ჯერ არ იციან.

ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, მაუწყებელში თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადაჰყავთ. საიას ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტში, რომელიც თანამშრომლებს გადასცეს, არ არის გარანტია, რომ მათ სამსახური მოუწევთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის თანამშრომელთა აღრიცხვიანობის ახალი სისტემა დაიგეგმა.

მათი განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

ამავე კატეგორიაში