თურქეთში სეზონურად დასაქმებულ ქართველებს ხელფასი არ გადაუხადეს

03 სექტემბერი 2018, 00:00 3790 ნახვა

თურქეთში სეზონურად დასაქმებულ ქართველებს კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს. საქართველოს 28 მოქალაქე ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში, რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა.

ისინი ყვებიან, რომ თურქმა დამსაქმებლებმა კუთვნილი თანხა, რაზეც მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, არ გადაუხადეს. 

ინფორმაციას ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

''გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, გამოძახებულ იქნენ დამსაქმებლები, შუამავლები და მომავალ კვირას დაიფარება საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება'' - აცხადებენ საკონსულოში. 

აღნიშნული ფაქტი თურქულმა მედიამ გააშუქა. ქართველები ყვებიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. 

''მშიერს გვკლავდა, საჭმელებს გვიყრიდა. საღამოობით კარებზე გვიკაკუნებდა, გვაშინებდა'' - იხსენებს ერთ-ერთი დასაქმებული. 

თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში, უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში სამუშაოდ მიდიან, უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი უნდა მიიღონ. ამისათვის ორი ეტაპის გავლაა საჭირო. 

პირველი ეტაპი - თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე (https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris) ქართულ ენაზე ივსება სავალდებულო ინფორმაცია (პასპორტში ან პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები, აგრეთვე თურქეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონეთათვის, ამ ნებართვის დაწყება-დასრულების თარიღი და დროებითი ნომერი). 

მეორე ეტაპი - სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების პირველადი ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარედგინება თურქეთის იმ რაიონის გამგეობას (Kaymakamlığı), სადაც აპირებს მოქალაქე დასაქმებას და მიიღოს შესაბამისი საბუთი, რომელიც მუშაობის ნებართვის აღებისაგან ათავისუფლებს.

ყოველწლიურად ჩაის კრეფის სეზონზე, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის.

2018 წელს, ტრაპიზონის საკონსულოს მონაცემებით, თურქეთის 6 გუბერნიის ჩაის პლანტაციებში  საქართველოს 10 000 მდე მოქალაქე მუშაობს სეზონურად. 1000 კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში