ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახი სახლში არ შედის, მერიამ კი ქირის გადახდა შეწყვიტა

04 სექტემბერი 2018, 00:00 5318 ნახვა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე გასული წლის დეკემბერში გაზის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, 45 ბინა კი დაზიანდა.

ახვლედიანის 15 ნომერში მდებარე კორპუსს კი აფეთქების შედეგად ნახევრად გადააძრო სახურავი. სახლის მფლობელი, დაზარალებული ხათუნა გოგიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ ახლა სახურავი გამოცვლილია, თუმცა ბინაში არ შეისვლება

სახლის ერთ ნაწილში, რომელიც სახურავის გადახდამდე კარგ მდგომარეობაში იყო, იატაკი აყრილი აქვს, წყლით გაჟღენთილ კედლებზე კი სოკოებია ამოსული.

საქმე იმაშია, რომ სახურავის დაზიანებიდან გადახურვამდე საკმაოდ დრო გავიდა, ხოლო როგორც სახლის მეპატრონე ირწმუნება, ტენტი ან სხვა დროებითი გადახურვა მერიას არ გამოუყენებია. შესაბამისად, სახლის იმ კონკრეტულ ნაწილში წვიმდა, ოთახებში წყალი იდგა.

ოჯახი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, თუმცა ბათუმის მერიამ ქირის გადახდა აგვისტოში შეწყვიტა, ვინაიდან მათი განმარტებით, სახურავის გადახურვა თებერვალში დასრულდა. 

''ამ სახლს სხვა არაფერი სჭირდა, უბრალოდ სახურავი იყო დაზიანებული. მოვიდა მერია და გაკეთებას დაგვპირდა, ჩვენც დავთანხმდით. უბედური შემთხვევა მოხდა, მადლობა ღმერთს შვილები გადამირჩა, მაგრამ ახლა ქუჩაში ვარ. თავის დროზე გვითხრეს ყველაფერი გაკეთდებაო, ვრეკავდით 112-შიც, რომ დროულად მოსულიყვნენ, ბრეზენტი მაინც გაეჭიმათ, იქნებ სახლის ასეთ დაზიანებას გადავრჩენილიყავით. ცუდი ამინდი იყო, ხოლო სახლს სახურავი არ ჰქონდა. ადგილზე არც მუშების ბრიგადა იმყოფებოდა. ღია ცის ქვეშ დატოვეს ჩვენი სახლი და კოკისპირულად წვიმდა. მერიის სამსახურში მითხრეს არ მენერვიულა, რადგან სახურავს გადავხურავთ, ხოლო რაც დასველდება ყველაფერს გაგიკეთებთო. მივანდე გასაღები და დაიწყეს სარემონტო სამუშაოები. გამინადგურეს აბსოლუტურად ყველაფერი'' - ყვება ხათუნა.

მისივე განმარტებით მერიის სახელზე რამდენიმე განცხადებაც დაწერა, თუმცა არცერთ მათგანზე  პასუხი არ მიუღია. ''მინდა შვილებთან ერთად სახლში დავბრუნდე, თუმცა ამხელა სარემონტო სამუშაოების ჩატარების თანხა არ მაქვს.სახლში რემონტი მქონდა გაკეთებული, ასეთი გულგრილობა, მე არ ვიცი რა არის. აქციას მოვაწყობ და შიმშილობას გამოვაცხადებ'' - ამბობს ხათუნა გოგიძე.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულ ოჯახს იატაკის მოსაწესრიგებლად თანხა გადაურიცხეს, ასევე დაეხმარნენ სამშენებლო მასალებითაც.

''ახვლედიანის ქ. #12-ში მომხდარი აფეთქების გამო, #15-ში დაზიანებული სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები 27 დეკემბერს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდა. (სამუშაოების ღირებულებამ 40 ათას 947 ლარი შეადგინა) სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ოჯახი გაყვანილი იყო ქირით. იმის გამო, რომ სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ბინაში წვიმის წყალი ჩავიდა და ბინის იატაკი დაზიანდა, შედგა დეფექტური აქტი, რომლის საფუძველზეც, ივნისის თვეში ოჯახს მერიისგან გამოეყო 2 264 ლარი (იატაკის სარემონტო სამუშაოებისთვის). გარდა ამისა, ოჯახს დამატებით გაეწია დახმარება სამშენებლო მასალით. ამასთან, ივლისის ჩათვლით ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა ბინის ქირა, თვეში 700 ლარის ოდენობით'' - განმარტებულია მერიის წერილობით პასუხში. 

მაუწყებლისთვის უცნობი დარჩა ისეთ კითხვებზე პასუხი, რომელიც ზოგად წერილში მოცემული არ არის. მაგალითად, რა რაოდენობის სამშენებლო მასალების გადაცემაზეა საუბარი?  რატომ აღიარებს მერია მარტო იატაკის დაზიანებას, როდესაც ფოტოებში ჩანს, რომ კედლის დიდი ნაწილიც დაზიანებულია. 

მეპატრონე ადასტურებს, რომ იატაკის მოსაწესრიგებლად თანხა ჩაერიცხა, თუმცა მის აღებას არ აპირებს. ამბობს, რომ  ეს სარემონტო სამუშაოებისთვის საკმარისი არ არის. 

ამავე კატეგორიაში