რა შენდება ბულვარში? - კულტმემკვიდრეობასთან შეთანხმებული პროექტი მშენებლობაზე გამოკრული არ არის

06 სექტემბერი 2018, 00:00 5474 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ყოფილი სამკურნალო პოლიკლინიკის ტერიტორიაზე სამსართულიანი შენობა უნდა აიგოს, თუმცა ობიექტზე არ არის გამოკრული არქიტექტურული პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების შედეგად გაიცა. ეს კი კანონდარღვევაა. 



აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბულვარში ლანდშაფტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სამსართულიანი ნაგებობა შენდება. ხოლო თუ საინფორმაციო და საპროექტო ბანერი არ არის გამოკრული, სააგენტო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მშენებლობას  შპს "ამბასადორის" დაკვეთით შპს "ანაგი"  ახორციელებს. 

პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ამბობენ, რომ ბულვარში, ყოფილი სამკურნალო პოლიკლინიკის ნაცვლად, მაღალსართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას გეგმავს კომპანია. ოპოზიცია ამბობს, რომ ობიექტზე განთავსებული სამუშაო მასალები და ტექნიკაც ამაზე მეტყველებს. 



მშენებარე კომპანია შპს "ანაგის" წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ობიექტზე სამკურნალო დაწესებულება შენდება, დამატებითი განმარტებებს კი არ აკეთებს. 

ბათუმის ბულვარში, ძეგლის ზონაში მდებარე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის შენობის დემონტაჟი რამდენიმე თვის წინ მოხდა, მის ნაცვლად კი სააგენტომ სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძველ ფუნქციას შეინარჩუნებს და ისევ სამკურნალო სარეაბილიტაციო დაწესებულება იქნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში