აჭარის თავზე მილიონამდე მტაცებელი გადაიფრენს

06 სექტემბერი 2018, 00:00 9144 ნახვა

აჭარის თავზე, ყოველ სექტემბერს, მილიონზე მეტი ფრინველი გადაიფრენს,  ნახევარ მილიონზე მეტი კი კრაზანაჭამია ირაო. მათ შორის 30-ზე მეტი მტაცებელია. 

მილიონამდე მტაცებელი ფრინველი 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრამდე მიიკვლევს გზას თბილი ქვეყნებისკენ.  

აჭარა, მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით, ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა.  ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი. 

რეგიონის  ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ''ბერდვოჩინგის'' (bird watching) მოყვარულებს იზიდავს. სპეციალისტები, მოყვარულები და დაინტერესებული პირები მტაცებლებზე დასაკვირვებლად მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჩამოდიან. 

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ეკოტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. 

ქობულეთის სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მტაცებელი ფრინველების დასათვალიერებლად და თანამოაზრეებთან ეკოლოგიასა და მიგრაციის შესახებ სასაუბროდ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის  მისასვლელი ბილიკები მარკირებულია და ლატფორმებია მოწყობილი. 

რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ისპანის ჭაობზე  და ჭოროხის დელტაზე.

აჭარაში "Batumi Bird Festival"-ი 2012 წლიდან ტარდება. საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც 3 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გასტანს. 

ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს გასვლითი ტურები უფასოდ ჩაუტარდებათ.  6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.  



ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე https://goo.gl/Kq5f7N

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები ან დარეკეთ +995 577 90 90 93/91
 

 

ამავე კატეგორიაში