ქალაქის ცენტრალური სასაფლაოსკენ მიმავალი გზა, რამდენიმე თვეა გადათხრილია

12 სექტემბერი 2018, 00:00 3636 ნახვა

ბათუმში, სერგი მესხის ქუჩა რამდენიმე თვეა გადათხრილია. საავტომობილო გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით წვიმის შემდეგ რთულდება. 

გზა ქალაქის ცენტრალური სასაფლაოსკენ მიდის, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობაა. 

პრობლემები ექმნებათ, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს. 

''ევროპული საქართველოს'' წევრები სერგი მესხის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. რაულ თავართქილაძის თქმით, პროცესი დროში გაიწელა. 

ბათუმის მერიაში კი განმარტავენ, რომ კომპანიასთან, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებდა ხელშეკრულება შეწყვიტეს, ახლა კი საქმე სასამართლოშია. 

''სერგი მესხის ქუჩაზე იყო პრობლემები კომპანიასთან და ხელშეკრულება შეწყდა. ​დოკუმენტაცია სამხარაულის ეროვნულ ბიუროში იყო წაღებული. განხორციელებული სამუშაოები შემოწმდა. პროექტში ცვლილებები შევიდა და ტენდერი გამოცხადდა. 14 სექტემბერს გამოვლინდება  გამარჯვებული კომპანია, ამის შემდეგ იურიდიული პროცედურები დაიწყება, რომელსაც დაახლოებით 10 დღე დასჭირდება'' - განაცხადა სულხან ევგენიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ბათუმის მერიას სასამართლოში ინდმეწარმე დავით სიჭინავამ უჩივლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში