“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი

12 სექტემბერი 2018, 00:00 2315 ნახვა

ე.წ. კანონიერი ქურდის დანაბარები მოსამართლესთან - კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი მინდია გორაძის ადვოკატმა დღეს მისი მტკიცებით გორაძის სიტყვები გაიმეორა, თქვა რომ მას სურს საქართველოში ჩამოსვლა, საზღვართანაც იყო მოსული, თუმცა ამის საშუალებას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არ აძლევენ, ეუბნებიან რომ მისი ადგილი აქ არ არის - ადვოკატს არ დაუკონკრეტებია რომელ უწყებას, ან ვის გულისხმობს „ლავასოღლი,“ თუმცა თქვა რომ იგი აბსურდულს უწოდებს ბრალს. დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებულებს ბრალი გააცნეს, მათ შორის არ იყო მინდია გორაძე, რომელთან კავშირსაც ედავებიან დანარჩენებს. იგი გავრცელებული ინფორმაციით თურქეთში იმყოფება.

დაკავებულია 10 პირი, მათი ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ. საკითხი უფრო დეტალურად მოსამართლემ მომდევნო სხდომაზე უნდა განიხილოს, საქმე რამდენიმე ტომისგან შედგება და გარჩევებთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდის ეპიზოდსაც მოიცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში