მოსამართლემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღგენა დაავალა

19 სექტემბერი 2018, 00:00 2142 ნახვა

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლის ირაკლი ბარამიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას დაავალა, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თანამდებობაზე აღადგინოს. 

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბარამიძის სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე არ გაითვალისწინა ირაკლი ბარამიძის მოთხოვნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებულიყო. 

ბარამიძე სამსახურიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო, დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ნაცდური ხელფასიც უნდა გადაუხადონ.

"კმაყოფილი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიახ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი" - განაცხადა ირაკლი ბარამიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კითხვაზე, გეგმავს თუ არა ტელევიზიაში დაბრუნებას სხვა ინსტანციების მოგების შემთხვევაში, ამბობს რომ კი. " დავბრუნდები ტელევიზიაში სამუშაოდ და გავაგრძელებ კიდეც ჩემს საქმიანობას". 

ყოფილი თანამშრომელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან. მიზეზი ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის კერძო საქმეებისთვის გამოყენება გახდა. კ ბარამიძის მტკიცებით, თანამშრომელს კამერა შენობიდან არტის გადასაღებად გაატანა. 

დღეს მოსამართლემ გადაწყვეტილება სიტყვიერად გამოაცხადა და თქვა, რომ ბარამიძის მხრიდან ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტი დაინახა, მაგრამ დისციპლინარული სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის, სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი ნინო უტიაშვილი აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აუცილებლად გაასაჩივრებს. 

შედეგად, ირაკლი ბარამიძე იმ შემთვევაში აღდგება სამსახურში და მიიღებს ნაცდურ ხელფასს, თუ ზედა ინსტანციები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან.

ამავე კატეგორიაში