''500 უნიტაზის შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება'' - შსს

25 სექტემბერი 2018, 00:00 2075 ნახვა

''აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ბოლო 3 წლის განმავლობაში 500 უნიტაზის შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბრალდების საპასუხოდ. 

უწყებაში ამბობენ, რომ უნიტაზები ბოლოს 2016 წელს შეისყიდეს. დეპარტამენტმა ორი წლის წინ, მხოლოდ 5  კომპლექტი იყიდა.

''პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გაახლება და რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დეპარტამენტმა მის დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში მდებარე სველი წერტილებისა და სამზარეულოების გამართული ფუნქციონერებისთვის 10 592 ლარის ღირებულების სამეურნეო პროდუქცია კანონით დადგენილი წესით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა. 2017 წელს შესყიდვების თანხა 4 464 ლარს შეადგენდა'' - ასე უპასუხეს აწარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განკარგულებაში ამ ეტაპზე 22 ობიექტია, სადაც 122 სველი წერტილია განთავსებული.

დღეს ბრიფინგი ყოფილმა პოლიციელმა და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა გამართა. გია ხალვაშმა განაცხადა, რომ აჭარის პოლიცის დეპარტამენტმა, 500-ზე მეტი უნიტაზი და მისი ჩამრეცხი ავზი შეიძინა,  პოლიციის შენობებში კი სველი წერტილები 5-ჯერ ნაკლებია. ის აუდიტის სამსახურს უწყების შესყიდვების შესწავლას სთხოვდა. 

ამავე კატეგორიაში