აჭარაში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 33 000-ზე მეტი მოქალაქე იღებს

26 სექტემბერი 2018, 00:00 2547 ნახვა

სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას აჭარაში 7 690 ოჯახი, სულ 33 648 ბენეფიციარი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოში არ გამორიცხავენ მათი რიცხი გაიზარდოს, რადგან შეფასების კრიტერიუმები ნაწილობრივ შეიცვალა. საარსებო შემწეობის მიმღები პენსიონერებიც გახდებიან, ისინი აქამდე დახმარებას იმ მიზეზით ვერ იღებდნენ, რომ მათი პენსია საარსებო მინიმუმზე მეტი იყო. 

სოციალური სააგენტოს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თქმით, ქულის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა, დადებითად აისახება ოჯახებზე, სადაც პენსიონერები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. 

არიან მოქალაქეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა რჩებიან. მათ შორისაა  მარტოხელა დედები და ქუჩაში მომუშავე ბავშვები. ისინი სოციალური პაკეტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ''იალქანში'' აცხადებენ, რომ მსგავსი ოჯახების დახმარებას ქველმოქმედებით ცდილობენ, თუმცა ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ არ აქვს. 

''მათ არგუმენტებს სამ კატეგორიად დავყოფ. ერთი ნაწილი ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში ისინი საგადასახადო ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან. მეორე კატეგორიას დახმარების სანაცვლოდ პიარის გაკეთება სურს. თუ ჩვენს მათგან რაიმე პაკეტს ან სერვისს მივიღებთ, სანაცვლოდ ღონისძიების მედიით გაშუქება უნდათ. არიან ადამიანები, რომლებსაც გამოჩენის სურვილი არ აქვთ, ისე გეხმარებიან, მაგრამ ასეთები პროცენტულად ძალიან ცოტა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თიკო აბაშიძემ.

ქვეყანაში, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება შემწეობის მიღმა დარჩენილ მოქალაქეთა რაოდენობაც, ისინი ქველმოქმედებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების იმედად არიან. ის რაც ევროპასა და ამერიკაში მენეჯმენტის სტრატეგიული ნაწილია, საქართველოში ჯერჯერობით ერთჯერად დახმარებაში გამოიხატება. 

 

ფოტო სოციალური ქსელიდან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში