აჭარაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა

27 სექტემბერი 2018, 00:00 2801 ნახვა

აჭარაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვი თითქმის გაორმაგებულია.

რეგიონში შიდსით 636 ადამიანია ინფიცირებული, ყოველთვიურად კი 5-7  ახალი შემთხვევა ემატება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მონაცემები, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულმა  ცენტრმა" მიაწოდა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობის კურსს 5 ბენეფიციარი გადის. 

მედიკოსები ამბობენ, რომ დაავადებულთა დიდი ნაწილი 30-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქეა, თუმცა აივ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ბავშვებიც და ბენეფიციარებს შორის ხანდაზმულებიც არიან.

შიდსის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2018 წლის 1-ლი იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი თბილისშია, შემდეგ სამეგრელოსა და აჭარაში. 

მედიკოსები დროულად დიაგნოსტიკასა და მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობენ. მოქალაქეებს მოუწოდებენ, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ.

''გამონაყარი, წონაში მკვეთრი კლება, თვეში დაახლოებით 10 კილოგრამი. დიარეა, რომლიც თვეების განმავლობაში გრძელდება - ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.  ჩვენს კლინიკებში მკურნალობის კურსს გადიან ნარკოტიკის მომხმარებლები, რომლებიც ერთი შპრიცოთ იკეთებდნენ ნარკოტიკს. ასევე ბოლო პერიოდში ძალიან იმატა სქესობრივი გზით დაინფიცირების შემთხვევებმაც '' - უვება მაუწყებელს ექიმი ინგა დარასერიძე.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ რეგიონში აივ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სკრინინგი უფრო ხშირად ტარდება. 

აივ ინფიცირებულები კლინიკაში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მედიკამენტების ერთ თვის მარაგს ამბულატორიულად იღებენ. წამლები მათ უფასოდ გადაეცემათ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში