საათობრივი პარკირება ძვირი უნდა იყოს - ლაშა კომახიძე

28 სექტემბერი 2018, 00:00 3370 ნახვა

ბათუმის მერია, ქალაქში ავტომობილების მოძრაობის განტვირთვისთვის, პარკირების ახალ სისტემაზე გადადის. გადაწყვეტილია, რომ მომავალი წლიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პარკირება ფასიანი იქნება. მსჯელობის საგანია გადასახადის ოდენობა. რა ეღირება ავტომობილის ერთი საათით გაჩერება, ამა თუ იმ ლოკაციაზე

ბათუმის მერი კონკრეტულ თანხას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ პარკირების გადასახადი მაღალი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კი მოქალაქეები სამსახურების წინ ავტომობილებს მთელი დღის განმავლობაში გაჩერებულს აღარ დატოვებენ.

''მოგიწევთ ერთი თუ ხუთის გადახდა ეს განსჯის საგანია. ეს უნდა იყოს პარკირების მაღალი გადასახადი.  მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური სტიმული იმისათვის, რომ იმოძრაოთ უფრო მეტად ფეხით ან მუნიციპალური ტრანსპორტით და ნაკლებად გამოიყენოთ საკუთარი ავტომობილი. მე ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანი დილის ცხრა საათზე გამოდის სახლიდან, შემდეგ კი ავტომანქანა მთელი დღე სამსახურის წინ ჰყავს გაჩერებული. ''ტყუილ-უბრალოდ'' ავტომობილები ქუჩებს ტვირთავენ '' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერის თქმით, მსგავსი სიტემა ევროპულ ქალაქებში ეფექტურად მუშაობს. მოქალაქეებმა კი საკუთარ კომფორტზე უარი ქალაქის ავტომობილებისგან განტვირთვის გამო უნდა თქვან.

''ჩვენ ერთი რამე უნდა გავიგოთ, ბათუმი თავისი დაგეგმარებით და ურბანული განვითარებით არის პატარა ვიწრო ქუჩებიანი ქალაქი. რომ იყოს 4 ზოლიანი გზა, ფართო ქუჩებით პარკირება პრობლემა არ იქნებოდა. თუ გვინდა ქალაქში კომფორტულად ვიმოძრაოთ, უნდა შევძლოთ ქუჩების მაქსიმალურად გათავისუფლება, იქვე მიპარკინგებული ავტომობილებისგან. მიდიხარ, სადაც გინდა აჩერებ და ტოვებ მთელი დღე, ზოგჯერ დღეების და მთელი კვირის განმავლობაშიც, ეს არ არის კარგი''- თქვა მერმა მაუწყებელთან.  

ლაშა კომახიძის განმარტებით, პარკირებაზე პრობლემა არ შეექმნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცენტრალურ უბნებში ცხოვრობენ. ავტომობილის გაჩერებისთვის გადასახადი დილის 7 საათიდან 18:00 საათამდე იქნება, საღამოს საათებში კი თავისუფალი პარკირება იმოქმედებს, რაც ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრებლებს მანქანების სახლთან დაყენების საშუალებას მისცემს. 

საათობრივი გადასახადი გაჩერებებზე ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ჩათვლით ყველა ქუჩას და ჯავახიშვილისა და ზ.გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ ყველა მონაკვეთში დაწესდება.

ქალაქში დამატებით პარკირების ზონების შექმნაც იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში