''ფიდეს'' პრეზიდენტად რუსეთის წარმომადგენელი არკად დვორკოვიჩი აირჩიეს

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2116 ნახვა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად რუსეთის წარმომადგენელი აირჩიეს.  არკად დვორკოვიჩმა კონკურენტს, ბერძენ გეორგიოს მაკროპულოსს 25 ხმით აჯობა. 

186 დელეგატიდან 103 არჩევანი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელზე გააკეთა. 79 კი მხარი ''ფიდეს'' პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს დაუჭირა. 

არკად დვორკოვიჩი ''ფიდეს''  4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ახალაჩეული პრეზიდენტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ გამარჯვების იმედი ჰქონდა. ამ ყველაფერს კი წინ კარგი წინასაარჩევნო კამპანია უძღვოდა.

''ფიდეს“ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მსურველმა კი კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხსნა. ინგლისელმა ნაიჯელ შირტმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაძაბულობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო. 

დღეს არჩევნების წინა პროცედურები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ''ფიდეს'' პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ბერძენმა გეორგიოს მაკროპულოსმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს ურეკავდნენ და არკად დვორკოვიჩის სასარგებლოდ, ხმის მიცემას სთხოვდნენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში