''ალკოტესტზე შესამოწმებლად გაჩერებული მძღოლი გარდაიცვალა'' - ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც გონიოს მაგისტრალი გადაკეტეს

07 ოქტომბერი 2018, 00:00 33299 ნახვა

გონიოში, ახალსოფლის გადასახვევთან, ცენტრალური მაგისტრალი მოსახლეობას ერთი საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ჰქონდა. მოქალაქეები, რომლებსაც გზა გადაკეტეს ყვებიან, რომ დაახლოებით ერთი საათს წინ, ახალსოფელის მკვიდრი, 65 წლამდე მამაკაცი სახლში ავტომობილით მიდიოდა, იგი პატრულმა გააჩერა და სავარაუდოდ, ალკოტესტის ჩაბარებას სთხოვდა. 

თვითმხილველების მტკიცებით, მძღოლმა პოლიციელებს უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და წამლისთვის აფთიაქში შესვლა სჭირდებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა აფთიაქში წასვლამდე ალკოტესტის ჩაბარება მოთხოვეს. ამ დროს მძღოლი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. 

"სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ, 50 წუთის შემდეგ მოვიდა, დააგვიანეს და მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო" - ყვებიან ადგილობრივები.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძახებიდან ახალსოფელში 10-15 წუთში მივიდნენ. "გამოძახებიდან 10-15 წუთში იქ იყო სასწრაფო ბრიგადა, რაც დასჭირდა გზას გონიომდე, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ" - გვითხრეს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერილობით ავრცელებს ფაქტზე განმარტებას.

"მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო.

დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ" - წერია შსს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში