''არ ააშენოთ ცათამბჯენები სანაპიროზე, შემდეგ მოგიწევთ მათი დემონტაჟი, ეს ამერიკამ უკვე გაიარა'' - ნინო ჩხობაძე

10 ოქტომბერი 2018, 00:00 22176 ნახვა

"არავითარ შემთხვევაში არ ააშენოთ ცათამბჯენები სანაპიროზე" - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამერიკელი კოლეგების რეკომენდაცია გაიხსენა, ბათუმსა და მწვანე კონცხზე ცათამჯენების მშენებლობის საკითხის შეფასებისას.  

ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვის, სანაპიროზე მაღლივი შენობების აგება, წამგებიანი და არა მიზანშეწონილია.  

"არსებობს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები, რომელიც მუშავდება ზუსტად იმისთვის, რომ განვითარდეს ესა თუ ის სანაპირო. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ არ აქვს მიღებული სანაპირო ზოლის  განვითარების კანონი. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უნდა იყოს მიღებული თუ გვინდა ზოგადად ტურიზმის განვითარება შავ ზღვაზე. ეს პირველ რიგში ხელს უწყობს ტურიზმს და ეკონომიკურ სიძლიერეს" - ამბობს ნინო ჩხობაძე. 

"წამყვანი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული ამერიკიდან, რომლებმაც დაამუშავეს საკითხი როგორ უნდა მომხდარიყო შავი ზღვის სანაპიროს განვითარება, კანონპროექტიც კი მომზადდა. კარგად მახსოვს რეკომენდაცია, რომელიც მოგვცეს - არავითარ შემთხვევაში არ ააშენოთ მაღალსართულიანი შენობები სანაპიროზე, რადგან რაღაცა პერიოდის შემდეგ მოგიწევთ მათი დემონტაჟი. ეს უკვე გაიარა ამერიკამ,  ბევრ ქვეყანაში მოხდა ასეთი ცვლილებები, იმიტომ რომ სანაპირო ზონის განვითარებისთვის,  მიზანშეწონილია დაბალსართულიანი შენობები, უფრო ლანდშაფტში ჩასმული და არა გამორჩეული". 

მწვანე კონცხზე ორი 28 სართულიანი სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით, კი ჩხობაძემ განმარტა, რომ "თუ ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება, ეკონომიკური განვითარება, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სანაპირო ზოლში ასეთი მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი"..  

მწვანე კონცხზე ორი 28 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და ბათუმის ბულვარის მომიჯნავედ 9 ცათამბჯენის მშენებლობა ბათუმელებმა და საზოგადოება "ბათომმა" ქუჩის აქციით გააპროტესტეს. 

#არაჩაბეტონებას  ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ბათუმელები ერას მოედანზე და მერიას მოუწოდეს შეაჩეროს სანაპირო და რეკრეაციულ ზონაში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. ასევე, ბათუმის ქაოსურად განაშენიანება, რომლის გამო ქალაქის მცხოვრებლების დიდ ნაწილს ზღვის ხედი და პირადპირი მზის სხივები დაეფარა, ნაწილს კი ფანჯრები და აივნები, რამდენიმე სანტიმეტრში, მომიჯნავედ აგებულმა კორპუსებმა ამოუქოლა.  

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი აქციის ორგანიზატორებს არაკომპეტენტურები უწოდა და მიიჩნია, რომ შესაძლოა აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო.  

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში