''არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი'' - შსს

01 ნოემბერი 2018, 00:00 1613 ნახვა

არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებამ არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ფაქტების შესახებ, ინფორმაცია დღეს გაავრცელა. 

განცხადებაში წერია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები.

შსს-ს ცნობით, მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ.

''საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები'' - ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებს, სულ გამოძიება 14 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. 

18 ინციდენტის შესწავლის შედეგად კი დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა და გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში