ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში

02 ნოემბერი 2018, 00:00 1988 ნახვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: “TCG ERDEMLI” (თურქეთის რესპუბლიკა), “BRG STIBAR” (ბულგარეთი), ”ROS DIMITRIE NICOLESCUE” (რუმინეთი) და „SPS TURIA” (ესპანეთი).  ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან, ისინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. 

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, წარგზავნილია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვევიან. გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე - როსარია პულისი და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, II რანგის კაპიტანი ფრანკ მაგინსკი. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე შეაჯამებს.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ამავე კატეგორიაში