აფეთქების შესახებ თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებული არ იყვნენ ცუდად არის საქმე - კახა გუჩმანიძე

02 ნოემბერი 2018, 00:00 2450 ნახვა

ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე ვარაუდობს, რომ ქედაში სოფელ ჭინკაძეებში მიმდინარე აფეთქებითი სამუშაოების შესახებ ხელისუფლების გარკვეული შტო ინფორმირებული იყო. 

მისივე თქმით, თუ მსგავსი მასშტაბური სამუშაოებზე მთავრობამ არაფერი იცოდა, ეს მენეჯმენტის პრობლემაზე მიუთითებს.  

''თუ გაინტერესებთ ჩემი კონკრეტული შეხედულება, იცოდა თუ არა ამის თაობაზე ზოგადად ხელისუფლებამ, თუმცა მე ვერ დავკონკრეტდები და ვერ ჩავრღმავდები რომელმა რგოლმა. მე მიმაჩნია, რომ იცოდა. რადგან მსგავსი ტიპის აფეთქებით-ბურღვითი ღონისძიების განხორციელება, კონკრეტული ორგანოების ინფორმირების გარეშე ეჭვი მეპარება განხორციელებულიყო. იცოდა სავარაუდოდ ადგილობრივმა თვითმმართველობაც, მაგრამ მე არ მინდა ეჭვის დონეზე ვილაპარაკო. თუ ინფორმირებულები არ იყვნენ მაშინ, ძალიან ცუდად არის საქმე. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხორციელდებოდეს რეგიონში და შესაბამისი უწყებებმა არაფერი იცოდნენ ეს კარგ მენეჯმენტზე არ მიანიშნებს'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კახა გუჩმანიძემ

ეკოლოგიის ექსპერტები ამბობს, რომ დელეგირების სფეროს გამიჯვნაა საჭირო, ადგილობრივ თვითმმართველობებს და მერებს კი მონიტორინგის უფლება უნდა ჰქონდეთ.  

''ეს სავალალო შედეგი უნდა გახდეს დელეგირების სფეროების გამიჯვნის მიზეზიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა გვყავდეს ძლიერი თვითმმართველობა, უნდა გვყავდეს ძლიერი მერები, მაშინ უნდა მივანიჭოთ ამ მერებს უფლება, ადგილობრივ დონეზე, მათ სამოქმედო ლოკაციებზე შესაბამისი მონიტორინგი განახორციელონ და ნებისმიერი სამუშაოებს შესრულება მათთან შეთანხმებით მოხდეს'' - ამბობს გუჩმანიძე.

ორი დღის წინ, ქედაში კარიერის მოპოვების დროს საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფი 6 წლის ბიჭი დაიღუპა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმავე დღეს განაცხადეს, რომ კომპანიას აფეთქებითი  სამუშაოების  ნებართვა არ ჰქონდა. 

ვინ არის პასუხისმგებელი ასეთი შემთხვევების ზედამხედველობასა და კონტროლზე? მაუწყებელი  ადგილობრივ მერიას, აჭარის მთავრობას, ცენტრალურ ეკონომიკის სამინისტროს, წიაღის მოპოვების სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებებიდან რამდენიმემ ერთმანეთთან გადაგვამისამართა, ნაწილი კი ამბობს, რომ უკვე დამდგარ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ შსს-ს პრეროგატივაა.

გუშინ სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. 

ამავე კატეგორიაში