ვაჟა-ფშაველას #13-ში მშენებელს 9 სართულიანი სახლის მშენებლობაზე უარი უთხრეს

06 ნოემბერი 2018, 00:00 2165 ნახვა

ვაჟა-ფშაველას #13-ში სამშენებლო კომპანიას 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე უარი უთხრეს.  ე.წ ზონალურ საბჭოზე საკითხი გუშინ გავიდა. მენაშენეს უარი მშენებლობის მასშტაბების გამო ეთქვა. 

ე.წ. ზონალური საბჭოს წევრებმა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ორსართულიანი მე-19 საუკუნის ძეგლის სტატუსის მქონე დანგრეული შენობის ნაცვლად 9 სართულიანის სახლის აშენება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. 

ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წელს "სლავა 2010" დაანგრია. კანონმდებლობით ძეგლის მიზანმიმართული განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია, ფაქტზე გამოძიება პროკურატურაში დღემდე მიმდინარეობს, თუმცა კანონის დამრღვევი ამ დრომდე სამართალდამცველებს არ გამოვლენია.

ერთი თვის წინ კი, ვაჟა ფშაველას #13 ნომერში ნასახლარს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ განადგურებული ძეგლისთვის სტატუსის შენარჩუნება აზრს კარგავდა. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ტერიტორიაზე მშენებელ კომპანიას საშუალება მიეცა პროექტი გაეკეთებინა. ზონალური საბჭომ, ამჯერად მაღლივი შენობა დაიწუნა და მშენებელს რეკომენდაცია მისცა, ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის დანგრეული შენობის მოცულობის სახლის პროექტი წარუდგინოს საბჭოს დასამტკიცებლად. 

"მსგავსი მოცულობის შენობის გაჩენა იმ ქუჩაზე, მით უფრო დანგრეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ტერიტორიაზე, მიუღებელია. რეკომენდაციაა, რომ შენობა აღდგეს იმ მოცულობაში, რა მოცულობაც იყო მანამდე" - აცხადებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ზაურ ახვლედიანი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში