ონკანის წყალი მოსწავლეებისთვის, ნაყიდი კი ბაღის აღსაზრდელებისათვის

07 ნოემბერი 2018, 00:00 2015 ნახვა

 

​ხელვაჩაურის 18 ბაღიდან 13-ში ამტკიცებენ, რომ ონკანის წყალი სასმელად უვარგისია და ყიდულობენ, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 31 600 ლარი იხარჯება. 

ქვედა და ზედა ახალშენის, ორთაბათუმისა და ერგის ბაღები სკოლის შენობაშია განთავსებული. წყალი სკოლას და ბაღს საერთო მაგისტრალიდან მიეწოდებათ, თუმცა როგორც ირკვევა წყალი დასალევად უვარგისია ბაღის აღსაზრდელებისთვის და გამოსადეგია სკოლის მოსწავლებისთვის

სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია მოზარდებისთვის წყალს არავინ ყიდულობს. ყიდულობენ მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იმავე შენობაში, მაგრამ ბაღში დადიან. 

ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ გორგაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ირწმუნება, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მიღებული ინფორმაციით, წყალი სასმელად ვარგისიანია.

განსხვავებული ინფორმაცია აქვს თალიკო დეკანაძეს, რომელიც ახალშენის ბაღის გამგეა.

''წყალი სასმელად სახიფათო და ბავშვებისთვის ზიანის მიმყენებელი რომ არ ყოფილიყო მისი მიღება აიკრძალა. აუცილებელი გახდა შეძენა. შემოწმება ჩატარდა და ეს შემდეგ გადაწყდა.''

სოფელ განახლების სკოლაშიც მსგავსი მდგომარეობაა. ონკანიდან წყალი აქაც მოდის, თუმცა ადმინისტრაცია სასმელ წყალს აღსაზრდელებისთვის მაინც ყიდულობს.

ბაღის გამგეს შესაბამისი დოკუმენტი აქვს სადაც წერია, რომ წყალი დასალევად უვარგისია, საწინააღმდეგო დასკვნა აქვს სკოლის დირექციას. 

ხელვაჩაურის წყალკანალის უფროსის მოადგილისთვის წყლის ყიდვის ფაქტი უცნობი იყო. უწყების წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელთან ამტკიცებდნენ, რომ  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალი შეისწავლეს. დასკვნის მიხედვით კი ის დასალევად ვარგისიანია. 

სკოლებისა და ბაღების გარდა, აღნიშნული მაგისტრალიდან მიწოდებულ წყალს მოსახლეობა და სოფლების ამბულატორია წლებია იყენებს. 

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში